ჩემი მოხსენების მთავარი საკითხია პიროვნების სხვადყოფნა: რა განაპირობებს იმას, რომ მე ვარ ეს კონკრეტული, განუმეორებელი „ვინ“? საკუთარი თავის იდენტიფიცირების კითხვას აქ ონტოლოგიური მნიშვნელობა აქვს: რა აფუძნებს ჩემს პიროვნულ არსებობას?
ზიზიულასისთვის პიროვნება ურთიერთობისგან განუყოფელია. თუმცა აქ ჩნდება კითხვა: სხვა ადამიანი ჩემს განუმეორებელ იდენტობას აღიარებს და ავლენს, თუ თავადაც არის მისი არსებობის მიზეზი?
„კვაზიმიზეზობრიობით“ სწორედ ამ შესაძლო ორაზროვნებას აღვნიშნავ: ხომ არ გადავდივართ იდენტობის აღიარებიდან მისი ონტოლოგიური წარმოშობის ახსნაზე? ეს არ ნიშნავს, რომ ზიზიულასი ადამიანებს ღვთაებრივ მიზეზობრიობას პირდაპირ მიაწერს.
მე საკუთარ თავს ვერ ვაფუძნებ. მაგრამ აქედან ჯერ არ გამომდინარეობს, რომ ჩემი ჰიპოსტასური იდენტობის წყარო სხვა ადამიანია. ჩემი წინადადებაა, მკაფიოდ განვასხვაოთ პიროვნული ყოფიერების წყარო და ზიარება, რომელშიც პიროვნება არსებობს და მისი სხვადყოფნა ვლინდება.
ამიტომ პიროვნული იდენტობის ურთიერთობით ხასიათზე საუბრისას „სხვაში“ ავტომატურად მეორე ადამიანი არ უნდა ვიგულისხმოთ. ჩემი მოხსენების ძირითადი წინადადებაა: ის სხვა, ვისთან ურთიერთობაშიც ჩემი განუმეორებელი „ვინ“ ფუძნდება, მამა ღმერთია.
ჩემს პიროვნულ არსებობას მამისგან ვიღებ, ძეში. ქრისტეში ვმონაწილეობ ძის ურთიერთობაში მამასთან და სწორედ ამ ურთიერთობაში ვიძენ პიროვნულ სხვადყოფნასა და თავისუფლებას. საკუთარ თავს ნიჭად ვიღებ და საკუთარი არსებობის საბოლოო საფუძველს საკუთარ თავში აღარ ვეძებ.
ეს შვილება სულიწმიდით ხორციელდება. იგი ძეობრივ ურთიერთობაში გვრთავს და უკვე ისტორიაში გვაზიარებს იმ არსებობას, რომლის სისავსეც ესქატონში გველის.
ეს არ გულისხმობს იზოლირებულ „მეს“, რომელიც ჯერ ღმერთთან იღებს დასრულებულ იდენტობას და მხოლოდ შემდეგ უკავშირდება სხვებს. პიროვნული არსებობა თავიდანვე ზიარებითია. თუმცა ზიარების აუცილებლობა სხვა ადამიანის მიერ ჩემი ჰიპოსტასური იდენტობის წარმოშობას არ ნიშნავს.
აქ ჩნდება შემდეგი კითხვა: მაშინ სხვა ადამიანი რისთვის მჭირდება?
პასუხი იმავე ძეობრივი მოწოდების ევქარისტიულ და ესქატოლოგიურ ხასიათშია. მამა ძეში მთელ ქმნილებას მოუხმობს თავისთან ზიარებისთვის. ჩემი მოწოდება ამ საერთო მოწოდებისგან გამოყოფილი, კერძო შესაძლებლობა არ არის. ქრისტეში მთელი ქმნილება უნდა შემოიკრიბოს და მამასთან ზიარებაში პოვოს აღსრულება.
სხვა ადამიანი ამავე მოწოდების თანამონაწილეა. მასაც, ისევე როგორც მე, ძეში მამასთან ზიარება აქვს მოწოდებად. ამიტომ მისი საბოლოო ხვედრი ჩემი აღსრულების მიმართ გარეგანი ვერ იქნება. ჩვენ ერთი და იმავე ესქატოლოგიური ერთობისკენ ვართ მოწოდებული.
ევქარისტიულობა აქ ქმნილების არსებობის ამ წესს გამოხატავს: მთელი ქმნილება ქრისტეში ერთიანდება და მამას მიეძღვნება სულიწმიდით. ჩემი პიროვნული აღსრულებაც ამ ერთობაშია მოცემული. ამიტომ საკუთარ საბოლოო ხვედრს სხვებისა და სამყაროს ხვედრისგან ვერ გამოვყოფ.
სწორედ აქ იკვეთება ადამიანის, როგორც „ქმნილების მღვდლის“, დანიშნულება. იგი მოწოდებულია, ქმნილების ერთობას ემსახუროს, მისი დაყოფების განკურნებაში მონაწილეობდეს და საკუთარი არსებობა მთელ ქმნილებასთან ერთად მამას მიუძღვნას.
ამ ერთობაში პიროვნული სხვადყოფნა არ ქრება. სხვა ადამიანი არ არის ჩემი ნაკლულობის შემავსებელი ფრაგმენტი და არც საერთო მთლიანობაში გასაქრობი ნაწილი. იგი ჩემთან ერთად მოწოდებული, განუმეორებელი პიროვნებაა. ქმნილების ერთობა თითოეულის განუმეორებლობას ინარჩუნებს.
ამიტომ ჩემი მოხსენების ძირითადი განსხვავება ასეთია: პიროვნული იდენტობის წყარო მამაა; სხვა ადამიანის აუცილებლობა კი იმავე ძეობრივ მოწოდებასა და მთელი ქმნილების საერთო ესქატოლოგიურ აღსრულებაში თანამონაწილეობიდან გამომდინარეობს.
სხვა ადამიანი ჩემს „ვინ“-ს არ წარმოშობს. მაგრამ იმ არსებობის სისავსე, რომლისკენაც მამა ძეში მომიწოდებს, მისგან და მთელი ქმნილებისგან განცალკევებით ვერ განისაზღვრება.