ბაბილონის გოდოლი: ონტოლოგიური ანალიზი და პრევენციული მადლის თეოლოგია

რეზიუმე

მოცემული სტატია წარმოადგენს დაბადების 11:1-9-ში აღწერილი ბაბილონის გოდოლის ნარატივის ახალ, ონტოლოგიურ ინტერპრეტაციას. მთავარი თეზისია, რომ ღმერთის ჩარევა და ენათა აღრევა არ უნდა გავიგოთ როგორც სასჯელი ადამიანური ამბიციისთვის, არამედ როგორც პრევენციული მადლის აქტი, რომელიც კაცობრიობას ონტოლოგიური თვითგანადგურებისგან იხსნის.

ანალიზი ეფუძნება იოანე ზიზიულასის მიერ შემოთავაზებულ კონცეპტუალურ ჩარჩოს, რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს ყოფიერების ორ ფუნდამენტურ რეჟიმს: სუბსტანციალისტურ ონტოლოგიას (არსებობა საკუთარ თავში, ავტონომიურობასა და თვითკმარობაში) და ურთიერთობით, რელაციუს ონტოლოგიას (არსებობა თანაზიარებაში, ეკსტაზისში) ბაბილონის მშენებელთა პროექტი წარმოადგენს სუბსტანციალისტურ მცდელობას, დაამკვიდრონ საკუთარი არსებობა ადამიანური მიღწევებით და ღმერთისგან დამოუკიდებლად, რაც გარდაუვალად მიმართული იყო ონტოლოგიური სიკვდილისკენ. ღმერთის ჩარევა კი, წარმოადგენს მადლს, რომელმაც კაცობრიობა საკუთარი "წარმატებისგან" იხსნა.

სტატია ასევე იყენებს ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიტიკურ თეორიას, როგორც დამატებით პერსპექტივას, და აანალიზებს ამ წაკითხვის თეოლოგიურ და თანამედროვე იმპლიკაციებს.

შესავალი

ბაბილონის გოდოლის ამბავი (დაბადება 11:1-9) ტრადიციულად იკითხება როგორც ადამიანური ამპარტავნებისა და ღვთის წინააღმდეგ ამბოხების სასჯელის ისტორია. თუმცა, ამ ნარატივის უფრო ღრმა, ონტოლოგიური ჭრილის განხილვა ავლენს, რომ ეს არის არა უბრალო მორალური მხილება, არამედ ღრმა თეოლოგიური აღწერა ორი შეუთავსებელი ყოფიერების რეჟიმისა და ღმერთის მოქმედების, როგორც პრევენციული მადლის.

ეს ანალიზი ეფუძნება იოანე ზიზიულასის პიროვნულ ონტოლოგიას და ავსებს მას ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიტიკური თეორიით. მისი მიზანია, აჩვენოს, რომ ბაბილონის ამბავი სინამდვილეში არის დრამა კაცობრიობის ყოფიერების მოდუსის და ღვთაებრივი მოწყალების შესახებ, რომელიც ამ არჩევნის სასიკვდილო შედეგებს თავიდან აიცილებს.

I. ონტოლოგიური ჩარჩო: სუბსტანციალიზმი ურთიერთობის წინააღმდეგ

1.1. სუბსტანციალისტური ონტოლოგია: ხაფანგი აუცილებლობისა

ბერძნულ ფილოსოფიაში ფესვგადგმული სუბსტანციალისტური ონტოლოგია ამტკიცებს, რომ ყოფიერება უპირველესად განისაზღვრება სუბსტანციით, არსით ან ბუნებით. ამ მოდელში, არსება არსებობს იმის გამო, თუ რა არის ის თავისთავად — მისი თვისებების, უნარებისა და შინაგანი მახასიათებლების საფუძველზე. ურთიერთობა მეორეხარისხოვანი და ფუნქციონალურია.

იოანე ზიზიულასის სიტყვებით: „საგნების ყოფიერება აღიარებულ იქნა ურთიერთობამდე, და ყოველი ცალკეული არსება ონტოლოგიურ სტატუსს საკუთარი დამსახურებით იძენს".

შედეგი: ეს მიდგომა არსებობას აუცილებლობასა და, საბოლოოდ, სიკვდილს უკავშირებს. თუ არსებობა ბუნებაზეა დაფუძნებული, ის ექვემდებარება ბუნების კანონებს — ბიოლოგიურ აუცილებლობას, დროით შეზღუდვასა და მოკვდავობას. სუბსტანციალიზმი ვერ იხსნის სიკვდილისგან, რადგან სიკვდილი ბუნების ქვეშ მყოფი ყველა სუბსტანციის გარდაუვალი დასასრულია.

1.2. ურთიერთობითი ონტოლოგია: გათავისუფლება ეკსტაზისით

სუბსტანციალიზმის საპირისპიროდ, ზიზიულასი გვთავაზობს ბიბლიურ და პატრისტიკულ ხედვას — ურთიერთობით ონტოლოგიას. აქ ყოფიერება განისაზღვრება არა სუბსტანციით, არამედ ურთიერთობით, თანაზიარებით. პიროვნულობა მჟღავნდება არა ინდივიდუალურ თვისებებში, არამედ ეკსტაზისში — საკუთარი თავის გარეთ, სხვებთან თანაზიარებით არსებობაში.

თეოლოგიური საფუძველი: წმინდა სამებაში პიროვნებები არსებობენ არა როგორც ინდივიდები, რომლებიც შემდგომ ამყარებენ კავშირს, არამედ ისინი იდენტიფიცირდებიან ურთიერთობაში, თანაზიარებაში.

ადამიანური განზომილება: ჭეშმარიტი არსებობა მიიღწევა არა თვითკმარობაში, არამედ ღმერთთან და სხვა ადამიანებთან თავისუფალ, მეორის “დაფუძნების” ურთიერთობაში. ზიზიულასი წერს: „ეს არის 'მე', რომელიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მანამ, სანამ ის უკავშირდება 'შენს', რომელიც ადასტურებს მის არსებობასა და მის სხვაობას. თუ ჩვენ 'მე'-ს 'შენ'-ისგან გამოვყოფთ, ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ მის სხვაობას, არამედ მისსავე ყოფიერებას".

II. ბაბილონის პროექტი: სუბსტანციალისტური წამოწყება

2.1. არქიტექტურა თვითკმარობისა

დაბადების 11:4-ში აღწერილია კაცობრიობის მიზანი: „მოდით, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემი ცას მიწვდება, და მოვიხვეჭოთ სახელი, რათა არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე".

ამ ტექსტში არსებობის უზრუნველყოფის სუბსტანციალისტური პროგრამა ნათლად იკითხება:

„ავაშენოთ ქალაქი" — ავტონომიური, ადამიანის კონტროლს დაქვემდებარებული სივრცის შექმნა

„გოდოლი, რომლის თხემი ცას მიწვდება" — ადამიანური მიღწევებით უსაფრთხოების მოპოვება

„მოვიხვეჭოთ სახელი" — იდენტობისა და მნიშვნელობის დამკვიდრება კოლექტიური წარმატებით

„რათა არ გავიფანტოთ" — გაფანტვის თავიდან აცილება საერთო პროექტზე დაფუძნებული ერთიანობით

ქალაქი და გოდოლი წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ ნაგებობებს, არამედ ონტოლოგიურ საძირკველს — მცდელობას, დააფუძნონ არსებობა ადამიანურ შინაარსზე და კოლექტიურ თვითკმარობაზე.

2.2. ურთიერთობითი სიცარიელე

აღსანიშნავია, რომ მშენებელთა დისკურსში სრულად არ არის ნახსენები ღმერთი როგორც აბსოლუტური სხვა. ისინი საუბრობენ მხოლოდ ერთმანეთთან („მოდით, ჩვენ...") და გეგმავენ უსაფრთხოებას ტრანსცენდენტულ „სხვასთან" კავშირის გარეშე. მათი ერთიანობა ჰორიზონტალურია — კოლექტიური თვითკმარობა, რომელსაც აკლია ვერტიკალური განზომილება.

2.3. ონტოლოგიური ჩიხი

ღმერთის შეფასება (დაბადება 11:6) არ არის ადამიანთა კონკურენციის შიში: „აჰა, ერთი ხალხია და ყველას ერთი ენა აქვს, და ეს მხოლოდ დასაწყისია მათი ქმედებებისა. ახლა მათთვის შეუძლებელი არაფერი იქნება, რასაც განიზრახავენ".

ეს ნიშნავს, რომ თუ კაცობრიობა ამ გზას გააგრძელებს, ის სრულყოფს საკუთარ ონტოლოგიურ საპყრობილეს. ისინი მიაღწევენ სრულ ავტონომიას, რაც მათი ონტოლოგიური სიკვდილი იქნება, რადგან თვითკმარი არსებობა მოწყვეტილია ურთიერთობით თანაზიარებას, რომელიც ერთადერთია, რაც ჭეშმარიტ სიცოცხლეს გვთავაზობს.

III. ღვთაებრივი ჩარევა როგორც პრევენციული მადლი

3.1. სტრუქტურული პარალელი ედემთან

ღმერთის პასუხი ბაბილონში ედემიდან განდევნასთან ერთად უნდა წავიკითხოთ, რადგან მათ იდენტური თეოლოგიური სტრუქტურა აქვთ:

3.2. ედემი: მარადიული დაცემულობის პრევენცია

ღმერთი ხელს უშლის ადამსა და ევას, იგემონ სიცოცხლის ხის ნაყოფი, რათა მათ დაცემულ მდგომარეობაში მარადიულად არ იცხოვრონ. ეს იქნებოდა ონტოლოგიური კატასტროფა. შესაბამისად, განდევნა არის მოწყალების აქტი, რომელიც ინარჩუნებს გამოსყიდვის შესაძლებლობას.

3.3. ბაბილონი: სრულყოფილი ავტონომიის პრევენცია

ბაბილონში ღმერთი ხელს უშლის კაცობრიობას, მიაღწიოს სრულყოფილ თვითკმარობას. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს მათი ონტოლოგიური განადგურება იქნება. ღმერთის ჩარევა — ენების აღრევა და ხალხების გაფანტვა — ამ ონტოლოგიურ ჩიხს არღვევს და იხსნის მათ საკუთარი “წარმატებისგან”.

IV. ღმერთის სურვილი: ურთიერთობითი ალტერნატივა

4.1. გაფანტვის მანდატი

ღმერთის მცნება იყო „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა" (დაბადება 9:1), რასაც მშენებლები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ. ღმერთს სურდა გაფანტვა, რადგან ის:

ხელს უშლის ტოტალიზაციას

ქმნის ურთიერთობის პირობებს

აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, შეხვდნენ „სხვას", განსხვავებულ საფუძველზე.

4.2. თანაზიარება განსხვავებულობაში

მშენებლები ეძებდნენ ერთიანობას, რომელიც ერთგვაროვნებას ეფუძნებოდა. ზიზიულასის ხედვით, თანაზიარება კი მოითხოვს სხვაობას. ღმერთს სურდა არა ბაბილონის ცრუ ერთიანობა, არამედ თანაზიარება, რომელიც არსებობს ღმერთთან ვერტიკალურ და ადამიანებთან ჰორიზონტალურ ურთიერთობაში.

4.3. დამოკიდებულება როგორც თავისუფლება

ბაბილონის შემაშენებლები ისწრაფვოდნენ დამოუკიდებლობისკენ: "მოდით, ავაშენოთ საკუთარი თავისთვის", "შევქმნათ სახელი საკუთარი თავისთვის". სუბსტანციალისტურ ლოგიკაში დამოუკიდებლობა ფასდება, რადგან ის ნიშნავს თვითკმარობას, ავტონომიას, საჭიროების გარეშე არსებობას.

მაგრამ რელაციურ ონტოლოგიაში ნამდვილი თავისუფლება სწორედ დამოკიდებულებიდან მოდის — არა მონობის ან სისუსტის დამოკიდებულებიდან, არამედ თანაზიარების დამოკიდებულებიდან. იმის აღიარება, რომ მე ვარსებობ არა საკუთარ თავში, არამედ შენთან, ღმერთთან ურთიერთობაში, არის არა ონტოლოგიური სიღარიბის დაშვება, არამედ ონტოლოგიური სიმდიდრის აღმოჩენა.

ზიზიულასი ამას „ექსტაზს" უწოდებს — საკუთარ თავს გარეთ არსებობას. ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში იარსებოს, საკუთარ სუბსტანციაზე დაფუძნებული, ხდება ჩაკეტილი, სასრულობაში ჩაპყრობილი. ადამიანი კი, რომელიც ექსტატურად არსებობს, საკუთარ თავს გარეთ ურთიერთობაში, აღმოაჩენს უსასრულო სიცოცხლეს უსასრულო ღმერთთან თანაზიარებაში.

ღმერთს სურდა, რომ კაცობრიობა ამ ექსტატურ მდგომარეობაში ყოფილიყო — რომ უსაფრთხოება ეპოვებინათ არა აშენებულ კოშკებში, არამედ ღმერთში, რომელიც მათ ქმნის არსებებად. იდენტობა მოიპოვება არა საკუთარი თავისთვის შექმნილ სახელში, არამედ იმაში, რომ ღმერთი მათ იცნობს და უყვარს.

V. ენათა აღრევა: ონტოლოგიური თერაპია

ამ პერსპექტივიდან ენების აღრევა არის არა სასჯელი, არამედ ონტოლოგიური თერაპია — წამალი თვითკმარობის დაავადებისთვის.

5.1. სამგანი ფუნქცია

დახშული წრის გარღვევა: ენების აღრევამ დაარღვია სუბსტანციალისტური კომუნიკაციის დახშული წრე, სადაც კაცობრიობა მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრებოდა. მან შექმნა სივრცე ვერტიკალური კომუნიკაციისთვის — ლოცვისა და ღვთიური ხელმძღვანელობის ძიებისთვის.

განსხვავებულობა როგორც შეხვედრის პირობა: ენების სიმრავლემ შექმნა პირობები ჭეშმარიტი შეხვედრისთვის. სადაც იყო მხოლოდ ერთგვაროვნება(ბიოლოგიური არსებობა), ახლა არის სხვადყოფნა(ჭეშმარიტი, ღვთაებრივი არსებობა) — და შესაბამისად, შესაძლებლობა ნამდვილად ვიპოვოთ „სხვა".

ადამიანური შინაარსის საზღვრების გამოვლენა: ენების აღრევამ აჩვენა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი საფუძვლები (ენა, მიზანი, ძალაუფლება) არ არის მყარი. ერთადერთი უსაფრთხო საძირკველი არის ურთიერთობა უცვლელ ღმერთთან.

VI. ლაკანის პერსპექტივა: დამატებითი განზომილება

ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიტიკური თეორია დამატებით პერსპექტივას გვთავაზობს ენის, სურვილისა და თვითკმარობის ილუზიის გასააზრებლად.

6.1. სიმბოლური წესრიგი და ავტონომიის ფანტაზია

ბაბილონის პროექტი როგორც სრულყოფილი სიმბოლური წესრიგის შექმნის მცდელობა: ენის, კანონისა და სოციალური სტრუქტურის სამყარო, რომელიც უზრუნველყოფდა სრულყოფილ მნიშვნელობასა და უსაფრთხოებას. ლაკანისთვის, ეს არის ფანტაზია, რადგან სიმბოლური წესრიგი ყოველთვის არასრულყოფილია.

„სახელის მოხვეჭა": ლაკანისეული ტერმინებით ნიშნავს იდენტობის დამკვიდრებას საკუთარი ძალისხმევით, ავტონომიური სიმბოლიზაციის ფანტაზია.

ღმერთის ჩარევა: ენების აღრევა ანგრევს ამ ფანტაზიას და აჩვენებს, რომ სიმბოლური წესრიგი არ არის თვითკმარი და მნიშვნელობის ავტონომიურად გენერირება შეუძლებელია. ის კვლავ შემოიტანს რადიკალურ „სხვას" ადამიანურ არსებობაში.

6.2. კონვერგენცია ზიზიულასთან

ლაკანისა და ზიზიულასის ანალიზი თანხვედრაშია:

თვითკმარობის ილუზიის უარყოფა

სხვადყოფნის აუცილებლობის აღიარება

ურთიერთობის (ლაკანისთვის — სხვასთან ურთიერთქმედება, ზიზიულასისთვის — თანაზიარება) ცენტრალური მნიშვნელობა

VII. თეოლოგიური და თანამედროვე იმპლიკაციები

7.1. თეოლოგიური მნიშვნელობა

ცოდვა როგორც ონტოლოგიური არჩევანი: ცოდვა არის არა უბრალოდ მორალური დარღვევა, არამედ ონტოლოგიური არასწორი მიმართულება — ყოფიერების იმ მოდუსის არჩევა, რომელიც სიკვდილამდე მიდის.

ხსნა როგორც ონტოლოგიური ტრანსფორმაცია: ხსნა არის გადასვლა სუბსტანციალისტური ავტონომიიდან ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობით ყოფიერებაზე.

სულთმოფენობა როგორც ბაბილონის შებრუნება: სულთმოფენობისას (საქმეები 2) სულიწმინდა ქმნის ზიარებას განსხვავებულობაში. ბაბილონში ადამიანები ეძებდნენ ერთიანობას ერთგვაროვნებაში(ბიოლოგიურ არსებობაში); სულთმოფენობისას კი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ერთიანდებიან არა ადამიანური მიღწევით, არამედ ღვთაებრივ სიტყვასთან საერთო შეხვედრით.

7.2. თანამედროვე რეზონანსი

ტექნოლოგიური უტოპიანიზმი: თანამედროვე ცივილიზაცია ხშირად იმეორებს ბაბილონის მოდელს, როდესაც ცდილობს უსაფრთხოებისა და უკვდავების მიღწევას მხოლოდ ადამიანური მიღწევებით (ტექნოლოგია, მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი).

გლობალიზაცია და იდენტობა: ბაბილონის ამბავი გვასწავლის, რომ ღმერთს სურს არა ჰომოგენიზაცია, არამედ დიფერენცირებული ზიარება. კულტურული მრავალფეროვნება არის არა დაბრკოლება, არამედ ჭეშმარიტი ზიარების პირობა.

ინდივიდუალიზმი და საზოგადოება: დასავლური ინდივიდუალიზმი პიროვნული სუბსტანციალიზმის ფორმაა. ურთიერთობითი ალტერნატივა არის არა კოლექტივიზმი (რომელიც ბაბილონის მსგავსად, ჯგუფური სუბსტანციალიზმია), არამედ თანაზიარება — სადაც პიროვნულობა ინარჩუნებს სხვადყოფნას მაგრამ პოულობს იდენტობას ურთიერთობაში.

დასკვნა

ბაბილონის გოდოლის ისტორია, წაკითხული ურთიერთობითი ონტოლოგიის პრიზმიდან, წარმოგვიდგება როგორც ღრმა მედიტაცია ადამიანური არსებობის ორ ფუნდამენტურ რეჟიმზე: სუბსტანციალისტურ ავტონომიასა და ურთიერთობით ზიარებაზე, რელაციორობაზე.

მშენებლებმა აირჩიეს პირველი გზა — თვითკმარობის გოდოლების შენება. ღმერთმა კი, თავისი ჩარევით, რომელიც პრევენციული მადლის აქტი იყო, იხსნა კაცობრიობა საკუთარი თავის მიერ შექმნილი ონტოლოგიური საპყრობილისგან.

ეს ნარატივი დღესაც რჩება:

გაფრთხილებად: არსებობის უზრუნველყოფის ყველა მცდელობა მხოლოდ ადამიანური მიღწევებით, თვითკმარობის გოდოლების შენებით, გარდაუვლად იწვევს იზოლირებული ავტონომიის ონტოლოგიურ სიკვდილს.

მოწოდებად: მივიღოთ არსებობა როგორც ძღვენი, ვიპოვოთ იდენტობა ურთიერთობაში და აღმოვაჩინოთ, რომ ნამდვილი თავისუფლება მდგომარეობს არა დამოუკიდებლობაში, არამედ ეკსტატიკურ თანაზიარებაში ღმერთთან და სხვებთან — ერთადერთ საძირკველზე, რომელიც მარადიულია.